“ადამიანთა უმრავლესობა იმდენად არის ბედნიერი, რამდენადაც ეს თავის გონებაში წარმოუდგენია”, — ასე ფიქრობდა ამერიკის რიგით მეთექვსმეტე პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი, ერთ-ერთი იმ მოაზროვნეთაგანი, რომელსაც გათავისებული ჰქონდა მენტალური განწყობის სასიცოცხლო მნიშვნელობა და სჯეროდა, რომ თითოეული ინდივიდის ცხოვრების ხარისხს მისივე გაბატონებული ემოციები და ფიქრები განსაზღვრავდა.
შესაძლოა, არასოდეს დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს განწყობა ადამიანთა ყოფაში; ან არასოდეს გაგივლიათ გონებაში ის აზრი, რომ თქვენი ამჟამინდელი ცხოვრება გარკვეულწილად წარსული ფიქრების ნაყოფი და ხორცშესხმაა. თუმცა ამ საკითხით სხვადასხვა ცნობილი მოაზროვნე თუ საზოგადო მოღვაწე საუკუნეებია, ინტერესდება. ამაზე მოწმობს განწყობის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული უამრავი საყურადღებო აზრი და ფრაგმენტი, რომლებიც მიმოფანტული და ჩამალულია როგორც ანტიკურ მსოფლიო ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში, ისე უძველეს რელიგიებში, ხელოვნებასა თუ ფილოსოფიაში.
მაგალითად, ისეთი გამორჩეული პოეტი, როგორიც უილიამ შექსპირია, ამ საკითხზე საკუთარ სონეტებში საუბრობდა; გენიოსი მუსიკოსი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, მასზე თავის მოსაზრებებს მუსიკით გადმოსცემდა; მრავალი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანი, ლეონარდო და ვინჩი კი განწყობის საკითხთან დაკავშირებულ ნააზრევს ნახატებზე აღბეჭდავდა; ამასთან, სხვა ისეთი მოაზროვნეებიც, როგორებიც არიან სოკრატე, პლატონი, პითაგორა, გოეთე თუ ჰიუგო, ამ თეორიას თავიანთ შემოქმედებაში აანალიზებდნენ.
დღეისათვის განწყობის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან ამ ფენომენით მოაზროვნეების გარდა, რიგითი ადამიანებიც დაინტერესდნენ. ამაზე მეტყველებს იმ წიგნების პოპულარობა, რომელთა ავტორებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს დადებითი ემოციური მზაობის მთელი სიკეეთები და გადაწყვიტეს, რომ თავიანთი გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინათ. რონდა ბერნისა და ბრაიან თრეისის ბესტსელერი წიგნები ამის ნათელი მაგალითებია. ორივე ავტორი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი სახის წარმატების მთავარი გასაღები პოზიტიური აზროვნებაა.
რონდა ბერნის წიგნში ,,საიდუმლო” – უდიდესი საიდუმლოს ფრაგმენტების პოვნაა შესაძლებელი. მთელი მსოფლიოს ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში, ლიტერატურაში, რელიგიურ და ფილოსოფიურ მიმდინარეობებში საუკუნეების წიაღში. პირველად მოხერხდა საიდუმლოს ერთიანობაში მოყვანა შესანიშნავ აღმოჩენაში, რომელიც შეცვლის თითოეული მკითხველის ცხოვრებას.
თუ წაიკითხავთ შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთოთ.